დავით ბერაძე
სოც-მედიის როლი და გავლენა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი სოციალური მედიის როლზე, რაშიც აქტიურად შეინიშნებოდა რუსეთის ჩართულობა. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოებისა თუ გამოცემების ფაქტების გადამმოწმებლებმა ერთობლივი კვლევით დაადგინეს, რომ ტრამპმა 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 573 ცრუ და შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა სოციალური მედიის საშუალებით.
სოციალური მედიის აქტივობა კანდიდატების სასარგებლოდ
სოციალურმა მედიამ მოვლენათა ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგ. მან ადამიანებს საშუალება მისცა ჰქონოდათ უფრო დიდი ინტერაქცია მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე ოდესმე. განსხვავებით ტრადიციული მედია პლატფორმებისაგან, სოციალურმა მედიამ ამომრჩეველს კანდიდატთა პოლიტიკურ დღის წესრიგზე კომენტირების შესაძლებლობა მისცა. გარდა ამისა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი აზრების ფორმულირება სხვადასხვა ონლაინ საჯარო ფორუმებზე. ინტერნეტის და ინტერნეტ-მედიის არსებობამ განაპირობა სწორედ ის, რომ ამომრჩეველს შესაბამისი ინფორმაცია გააჩნდა კანდიდატების დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.

კანდიდატთა უმრავლესობა არჩევნების პერიოდში მრავალ სოციალურ მედია პლატფორმას იყენებდა, მათ შორის Facebook-ს, Twitter-ს, Instagram-სა და Youtube-ს. ხოლო ამ პლატფორმების ციფრული არქიტექტურიდან გამომდინარე, კანდიდატები განსხვავებულ ტექნიკებს მიმართავდნენ ოპონენტების დისკრედიტირებისა და საკუთარი მხარდაჭერის გაზრდისათვის. თავის მხრივ ამომრჩევლის მხრიდან ინტერაქცია კიდევ უფრო ზრდიდა კანდიდატთა პოსტების გავრცელების ზღვარს.

რესპუბლიკელი კანდიდატი
დონალდ ტრამპის კამპანია
ამ მხრივ კანდიდატთა შორის ყველაზე გამორჩეული დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია გახლდათ. იგი განსაკუთრებული ინტენსივობით იყენებდა Twitter-ს საკუთარი საქმიანობის გასაშუქებლად. დონალდ ტრამპს სოციალური მედიის გამოყენების საკუთარი სტრატეგია ჰქონდა. განსხვავებით სხვა კანდიდატებისაგან, იგი უმეტესწილად ყურადღებას საკუთარ პოსტებში ახალ ამბებზე ამახვილებდა, როგორც მისი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მისი ReTweet-ების 78% ფართო საზოგადოებრივ საკითხებს უკავშირდებოდა.
გარდა ამისა, მისი სტრატეგიის უნიკალურობა სოციალური მედიის სწრაფი რეაგირებისათვის გამოყენებას გულისხმობდა. ოპონენტების დისკრედიტაციისა და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად იგი Twitter-ს დღეში რამდენიმეჯერ იყენებდა. ძირითადად, ტრამპი ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას მისი ობამას პოლიტიკასთან კავშირით ახდენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი ამავე ინტენსივობით უტევდა სოციალურ ქსელებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს: Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს. საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ ოპონენტების წინააღმდეგ არ იყენებდა სოციალურ მედიას. რესპუბლიკური პარტიის მიერ მისი საერთო ოფიციალურ კანდიდატად დასახელებამდე, დონალდ ტრამპის ტვიტები რესპუბლიკელ კანდიდატებსაც უტევდა. დონალდ ტრამპი სოციალურ მედიას გამარჯვების შემდეგაც აქტიურად მოიხმარდა მანამ, სანამ 2021 წლის 9 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ Twitter და Facebook მისი ანგარიშებს დაბლოკავდა. დონალდ ტრამპი საკუთარ სოც-მედია ანგარიშებს ხშირად ოპონენტების დისკრედიტაციისათვის იყენებდა.  
@ჰილარიკლინტონი 30 წლის განმავლობაში კორუმპირებული სისტემის ნაწილი იყო. რატომ უნდა მივიღოთ მისგან პოლიტიკური რჩევები? #დებატები2016
Twitter, Sep 27, 2016.

დონალდ ტრამპი
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
თაღლითმა ჰილარი კლინტომა 33,000 ელექტრონული მეილი წაშალა მას შემდეგ, რაც ის კონგრესში გამოიძახეს. დამნაშავე - ვერ გაიქცევა. გაყალბებული სისტემა!
Twitter, 2016.

დონალდ ტრამპი
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
პასუხი ჰილარი კლინტონის ტვიტზე: წაშალე ანგარიში! - რამდენი ხანი დასჭირდა შენს 823 კაციან გუნდს, რომ ეს მოეფიქრებინათ? და სად არის ის 33,000 ელექტრონული მეილი, რომელიც წაშალე?
Twitter, Jun 9, 2016.

დონალდ ტრამპი
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
დემოკრატი კანდიდატი
ჰილარი კლინტონის კამპანია
ჰილარი კლინტონი, განსხვავებით დონალდ ტრამპისაგან, სოციალური მედიის აქტივობის უკვე არსებულ, ტრადიციულ სტრატეგიებს იყენებდა. Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით კლინტონის Twitter პოსტების 80% დაკავშირებული იყო მისი ან მისი კამპანიის ვებ-გვერდებთან, მაშინ როცა დონალდ ტრამპის შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი ახალი ამბების მედია გვერდებს უკავშირდებოდა. საინტერესო მოცემულობაა მის Facebook აქტივობაშიც. იმავე კვლევის თანახმად, კლინტონი საკუთარი დროის 60%-ს კამპანიას უთმობდა, ხოლო ახალ ამბებს - მხოლოდ მეოთხედს.
დონალდ ტრამპის დისკრედიტაციის კუთხით მისი კამპანია ძირითადად ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებსა და რუსეთის ინტერვენციაზე იყო კონცენტრირებული. 2016 წლის აპრილში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრო-კლინტონურმა პოლიტიკური ქმედების კომიტეტმა, Correct the Record-მა, დააანონსა პროგრამა სახელად „ზღუდის გამრღვევები“. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ბერნი სანდერსისა და დონალდ ტრამპის მილიონობით ონლაინ მოხალისისათვის კონკურენციის გაწევას. პროგრამა დაახლოებით 1 მილიონი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც კომიტეტმა ყოფილი რეპორტიორები, ბლოგერები და საჯარო საქმეების სპეციალისტები დაიქირავა კლინტონის შესახებ ნეგატიურ კონტენტზე საპასუხოდ. ერთ-ერთ ტვიტში ჰილარი კლინტონმა პოპულარული თამაშის, Pokemon Go-ს კონცეპტი გამოიყენა ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის მოსაწოდებლად.
წაშალე შენი სოც-მედია ანგარიში. @დონალდტრამპი
Twitter, Jun 9, 2016.

ჰილარი კლინტონი
საპრეზიდენტო კანდიდატი
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპმა რუსეთი და პუტინი შეაქო. #NBCNewsForum
Twitter, Sep 8, 2016.

ჰილარი კლინტონი
საპრეზიდენტო კანდიდატი
ქალებს შესწევთ ძალა, რომ შეაჩერონ ტრამპი.
Twitter, Oct 8, 2016.

ჰილარი კლინტონი
საპრეზიდენტო კანდიდატი
სოც-მედიის ზეგავლენა არჩევნებზე
საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლები მიზანმიმართულად თუ კონკრეტული ინტერესების გარეშე ინტერნეტ-მიმების საშუალებით ხშირად ცდილობდნენ კანდიდატთა დისკრედიტირებას. მაგალითად, ტედ კრუზის საარჩევნო კამპანიის დროს, საზოგადოების აპელირების მთავარი საკითხი მისი უცნაური ხელის ჩამორთმევის პრაქტიკა გახდა, რაც დაახლოებით 3.5 მილიონმა ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ბერნი სანდერსის კამპანიაც. 2016 წელს, საარჩევნო პერიოდში მისი მხარდამჭერები აქტიურად ავრცელებდნენ სხვადასხვა შინაარსის ინტერნეტ-მიმებს სახელად „ბერნი თუ ჰილარი?“, რომლებზეც გამოსახული იყო ბერნი სანდერსისა და ჰილარი კლინტონის შედარება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
სოციალურ მედიაში აქტივობა კანდიდატებს დაეხმარა შეექმნათ პუბლიკასთან კომუნიკაციის საკუთარი უნიკალური სტრატეგია. გარდა ამისა, ეს მათთვის ფინანსურადაც მომგებიანი აღმოჩნდა. Pew Research-ის კვლევის თანახმად, 14%-იანი მაჩვენებლით, სოციალური მედია არჩევნების პერიოდში ახალი ამბების მეორე უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა. საარჩევნო პერიოდში სულ უფრო მეტი მედია საუბრობდა მიმების როლზე პოლიტიკურ დისკურსში, რამაც შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ჩაანაცვლა პოლიტიკოსთა კლასიკური ამობეჭდილი პოსტერები.
სწორედ სოციალური მედიის ამგვარმა ჩართულობამ მისცა რუსულ სადაზვერვო სააგენტოსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა. მათ მიერ შექმნილი სოც-მედია ანგარიშების აქტივობა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ძირითადად დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, წინააღმდეგ.

პოსტ-საარჩევნო გამოძიებები
არჩევნების შემდეგ შეერთებულ შტატებში ორი დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. ერთი საქმე Cambridge Analytica-ს მიერ პერსონალურ მონაცემთა არამიზნობრივ გამოყენებას ეხებოდა, მეორე კი - რუსეთის ჩარევას არჩევნებში. ორივე შემთხვევაში, გამოძიება ძირითადად ფოკუსირებული იყო სოციალური მედიისა და პერსონალურ მონაცემთა გამოყენებაზე.
Facebook-Cambridge Analytica-ს მონაცემთა სკანდალი
Cambridge Analytica წინასაარჩევნო პერიოდში იყენებდა აპლიკაციას იმისათვის, რათა შეეგროვებინა ინფორმაცია მომხმარებლებისა და მათი მეგობრების ფეისბუქ პროფილების შესახებ პირთა თანხმობის გარეშე. მოპოვებული ინფორმაცია კი შემდეგ გამოიყენებოდა მომხმარებლების მონაცემთა ანგარიშების შესაქმნელად პოლიტიკური რეკლამის სამიზნე ჯგუფის განსასაზღვრად.
იმისდა მიუხედავად, რომ აპლიკაცია მხოლოდ 270 000-მა ადამიანმა ჩამოტვირთა, მან ზიანი დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციას მიაყენა. სოციალური მედიის ამგვარი სტრატეგია კი საკუთარ კამპანიაში დონალდ ტრამპმა და ტედ კრუზმა გამოიყენეს. აღნიშნული სკანდალის გამო ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, კონგრესის წინაშე წარსდგა, სადაც უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გამოიკითხა. მომხდარიდან რამდენიმე თვეში, Twitter-მა და Facebook-მა მოცანემთა კონფიდენციალობის პოლიტიკა შეცვალეს.
რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში
2016 წლის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რუსეთში მდებარე ინტერნეტის კვლევითი სააგენტო (ცნობილი როგორც „ტროლები ოლგინოდან“), ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა ელექტორალურ შედეგებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. ამისათვის მათ შექმნეს სოც-მედია ანგარიშები და პროფილები ტრამპზე პოზიტიური, ხოლო ჰილარი კლინტონზე ნეგატიური ინფორმაციის გასავრცელებლად.
2016 წლის 7 ოქტომბერს, პარასკევს, ობამას ადმინისტრაციამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება ნოემბრის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში. ეროვნული დაზვერვის ოფისისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ ორკესტრირებული კიბერ თავდასხმები მიზნად ისახავდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას. აღნიშნულმა ფაქტმა დასაბამი მისცა მრავალწლიან გამოძიებას, რომელსაც რუსეთის გავლენა უნდა გამოეკვეთაგარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიიდან კიბერ-თავდასხმები განხორციელდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და კონგრესის კამპანიის ვებ-გვერდებზე. თავდასხმისას მოპოვებული ფაილები კი გაჟონილი ინფორმაციების ცნობილ პლატფორმებზე, მათ შორის WikiLeaks-ზე აიტვირთა. სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად თავდასხმაში მონაწილეობას ცნობილი რუსი ჰაკერი, კრემლთან აფილირებული, Guccifer 2.0, იღებდა. გამოძიების საბოლოო ანგარიშის თანახმად, რუსეთის ქმედებებმა დაარღვია შეერთებული შტატების სისხლის სამართლის კანონი და არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სასარგებლოდ ჩაერია.

რუსეთის გავლენა სოც-მედია აქტივობაზე
რუსეთის ჩართულობა პროპაგანდისტული კონტენტის გასავრცელებლად საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ისინი იყენებდნენ თითქმის ყველა არსებულ სოციალურ მედია საშუალებას. გარდა ზემოთ აღნიშნული პლატფორმებისა, აქტიურად გამოიყენებოდა Reddit, Instagram, Pinterest და Tumblr. გამოძიების საბოლოო ანგარიშის თანახმად, IRA (ინტერნეტის კვლევითი სააგენტო) სხვადასხვა პლატფორმაზე ქმნიდა ჯგუფებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით. მათ შორის იყო Twitter ანგარიშები სახელად: @TEN_GOP, @jenn_abrams და @Pamela_Moore13, რომლებიც ტრამპის მხარდასაჭერ მესიჯებს ავრცელებდნენ და 70 000 მიმდევარი ჰყავდათ.
ტრამპის კამპანიის წევრები და მომავალში შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები კი კრემლთან დაკავშირებული ანგარიშებისა და პროფილების პოსტებს ხშირად აზიარებდნენ. რუსეთის მიერ დაფინანსებულმა Facebook რეკლამებმა დაახლოებით 10 მილიონი მომხმარებლის ანგარიშამდე მიაღწია. საგამოძიებო დოკუმენტის თანახმად, კრემლთან აფილირებულმა სააგენტომ რეკლამებში 100 000$ დახარჯა. მათ 470 Facebook პროფილი შექმნეს, რომელთა პოსტებიც მთლიანობაში 340 მილიონჯერ გადაზიარდა. რუსეთი საკუთარი ქმედებებისათვის აქტიურად იყენებდა ტროლ და ბოტ კამპანიას.

კორელაცია 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან
2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალური მედიის როლი კვლავინდებურად მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, 2016 წლის სკანდალის გამო, სოც-მედია პლატფორმების მონაცემთა კონფიდენციალობის პოლიტიკები საგრძნობლად შეიცვალა. ამისდა მიუხედავად, რესპუბლიკელი კანდიდატი, კვლავინდებურად საკუთარ უნიკალურ სტრატეგიას მიმართავდა და კვლავ აქტიურად გამოიყენებდა Twitter-ის ანგარიშს ოპონენტის საწინააღმდეგოდ.
პროცესის გამჭვირვალობისათვის საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღეს ტექნოოგიურმა გიგანტებმა: Google-მა, Facebook-მა, Twitter-მა და Microsoft-მა, რომლებიც შეხვდნენ ფედერალური ბიუროს, ეროვნული დაზვერვისა და შიდა უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლების საკუთარი მზაობის გამოსახატად ეთანამშრომლათ უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია ისიც, რომ სოც-მედია აქტივობაზე უდიდესი გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამაც.
2020 წლის არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატი ჯო ბაიდენი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იბრძოდა. სხვა კანდიდატების მსგავსად, ბაიდენიც აქტიურად მოიხმარდა სოციალურ მედიას ტრამპის კოვიდ-პოლიტიკისა თუ საგარეო ხედვების გასაკრიტიკებლად. თუმცა, ტრამპისაგან განსხვავებით ბაიდენი საკუთარ ტვიტერ ანგარიშს თავადვე არ მართავდა. დონალდ ტრამპისა და მისი კონკურენტის, ამჯერად ჯო ბაიდენის, ვირტუალური ორთაბრძოლა სოციალურ მედიაში აქტიურად მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედია შეერთებული შტატების უკანასკნელ 2 არჩევნებში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ეს გახლდათ ახალი სიტყვა საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ფეხი აუწყო თითქმის ყველა კანდიდატმა. ზოგისათვის ეს მომგებიანი აღმოჩნდა, ზოგისთვისაც - პირიქით. თუმცა, ფაქტი ერთია: სოციალურმა მედიამ გააჩინა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობები არჩევნების მიმდინარეობისას. რამდენად იქონია მან კონკრეტული გავლენა უშუალოდ შედეგებზე - ეს საკამათო საკითხია, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურმა მედიამ ერთი ორად გაზარდა ამომრჩევლის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. ამან კი თავის მხრივ პოლიტიკოსებს გაუჩინა მოქმედების ფართო არეალი. მითების დეტექტორის თხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტიკურმა მიმომხილველმა, საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბათუ ქუთელიამ გააკეთა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სოციალური მედიის განსაკუთრებით დამაზიანებელი გავლენა პროცესისა და დემოკრატიული ინსიტიტუციების დისკრედიტაციაში გამოიხატა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სოციალური მედიის აქტივობამ რუსეთს მისცა საშუალება ჩარეულიყო შეერთებული შტატების შიდა პროცესებსა და პოლიტიკაში.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website